სოფო კილაძე - ბიძინა ივანიშვილი ჩვენი დროის უდიდესი მეცენატი და ის ადამიანია, რომელიც საკუთარ ფულს ქვეყნის განვითარებისთვის ხარჯავს
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩვენი დროის უდიდესი მეცენატი და ის ადამიანია, რომელიც საკუთარ ფულს ქვეყანასა და მის განვითარებას ახარჯებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა.
კილაძის თქმით, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების გამო, ოპონენტებისგან ლანძღვა-გინებას იღებს.
„ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური და ორგანიზებული ხასიათი აქვს, რაც მიზანმიმართულად კეთდება. ოპონენტების მიზანია, ბიძინა ივანიშვილს ლაფი შეესხას და მისი დიდი საქმეები დაკნინდეს. როცა „ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა განშტოება ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დიდი საქმეები უანგაროდ კეთდება, მათ სამიზნეში სწორედ ის ამოიღეს, რადგან იციან, დემოკრატიის განვითარებისთვის ეს პიროვნება უდიდეს როლს თამაშობს და ხალხის დიდ მხარდაჭერას იმსახურებს. ხალხის მხარდაჭერა დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან”. ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის ნდობა დაასუსტონ, რათა არჩევნებში ხელისუფლებაში მოვიდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ყველაფერს აანალიზებს”, – განაცხადა კილაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული.