სოფო კილაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ცარიელი სიტყვებით საუბრობს, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე
არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ, საკუთარი აზრი დააფიქსირონ, მაგრამ აუცილებელი არ არის, ეს მივიღოთ, როგორც აბსოლუტური მოცემულობა და ჭეშმარიტება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება.
კილაძის თქმით, ხშირ შეთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები საკითხებს ხელისუფლებისთვის ნეგატიურ ჭრილში, გადაჭარბებულად აფასებენ.
„თუ არის რამე სახის ნიშანი და ფაქტები, რომ ვინმეს დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ამის შესაბამისი მტკიცებულებები და ფაქტები გვჭირდება. როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის მხრიდან ცარიელი სიტყვებით საუბარი ხდება ხოლმე, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ არის, თუ რამე კონკრეტული შემთხვევა მოხდა, ამას შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. შემიძლია, პოლიტიკური ნიშნით დევნა გაგახსენოთ, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო. ყველას გახსოვთ, როგორ იდევნებოდნენ ადამიანები“, – განაცხადა დეპუტატმა.
სოფო კილაძის თქმით, 20 ივნისის მოვლენების დროს დაახლოებით, 80 პოლიციელი დაშავდა და ეს კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს.
„სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიციელებზე ძალადობრივ შეტევას ვხედავთ. 20 ივნისის მოვლენების დროს, დაახლოებით, 80 პოლიციელი დაშავდა. ისინი თავის თავზე თვითონ ხომ არ მიიყენებდნენ დაზიანებებს, ეს გააკეთეს კონკრეტულმა ადამიანებმა და მათ შორის, პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ეს მათი უპასუხისმგებლობის დამსახურებაც არის. ოპოზიციის ლიდერმა, სააკაშვილმა აღაირებითი ჩვენებაც კი მისცა და წამოსცდა, რომ პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდნენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.