სოფო კილაძე - არანაირი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა
არანაირი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი. ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი დაცულია კანონით, კონსტიტუციით და ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი.
არანაირი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა და ეს შემიძლია ვთქვა.
დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება და აქიდან გამომდინარე, ყველაფერი მიდის კანონის და წესის ფარგლებში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადაყენება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასწრებას და თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ, რატომ არ აპირებს 17 მაისს ღონისძიების გამართვას. ამასთან, აქციაზე მოხდა ინციდენტი, რა დროსაც გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს, რომელმაც ლგბტ თემის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინა.