სოფო კილაძე 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს მოინახულებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს მოინახულებს.
ის გლდანის მე-8 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. სოფო კილაძესთან ერთად დაკავებულების მშობლებიც იმყოფებიან. კილაძის თქმით, დაკავებულების უფლებები დაცული იქნება.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა, სერგო რატიანი და ნატო ჩხეიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებენ, მათ შეხვდეს და განმარტოს, რატომ არ აძლევთ უფლებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდნენ, რათა 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები მოინახულონ.
მანამდე კი, დაკავებულების, ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დედებთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს შეხვდნენ.
დაკავებულების მშობლები აცხადებენ, რომ შვილებთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ და მათი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია აინტერესებთ, მათ შორის, ჯანმრთელობის შესახებ.
ბოკუჩავა და რატიანი აღნიშნავენ, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით, მათ საპატიმროში შესვლის უფლება აქვთ, თუმცა ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა სჭირდებათ. დეპუტატების თქმით, არჩილ თალაკვაძემ უარის თქმის მიზეზები უნდა განმარტოს.