სოფო ხუნწარია - საახალწლო გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე 22 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. კულტურის საკითხებში თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ნაძვის ხე წელს განსხვავებული მორთულობის იქნება.
მისივე თქმით, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობას დაახლოებით 150 ადამიანი მიიღებს.
„იქნება ბიჭუნათა კაპელა, გოგონათა გუნდი, მარიამ ალექსიძის საბალეტო დასი, ტანმოვარჯიშეები, მოძრაობის თეატრი, მომღერლები ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, გიორგი ცაგარელი დაუკრავს.
რეჟისორია ნიკოლოზ შველიძე, მიშა მდინარაძის ახალ კომპოზიციებზე იდგმება ეს ყველაფერი და ახალი სიმღერები გაჟღერდება. მგონია, ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვის“,- განაცხადა ხუნწარიამ.
ამასთან, რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, როგორც ხუნწარია ამბობს, 25 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას საშობაო სოფელი და 28 დეკემბრიდან სრულად დაიტვირთება.
„რესპუბლიკის მოედანზე 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა. წელს გრანდიოზული საახალწლო სოფელი იქნება და ყველა ღონისძიება იქნება ერთ სივრცეში, მათ შორის მთავარი ნაძვის ხე. იქ, სადაც საშობაო ბაზრობა იმართება, ორი სცენა იქნება მოწყობილი საბავშვო ღონისძიებებისთვის, დღის და საღამოს კონცერტებისთვის. მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ზღაპრის გმირები. ასევე იქნება საშობაო აქსესუარების სახელოსნოები და ა.შ.“,- განაცხადა სოფო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, ახალ წელს, გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
„გალაკონცერტი წელს რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს. საღამოს 23:00 საათზე დაიწყება. სცენა სამი სივრცისგან შედგება, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდის. ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან ერთად შეასრულებს არაჩვეულებრივ კინომუსიკას. ყველა დროის ყველაზე საყვარელი ქართული კინომუსიკა გაჟღერდება და რა თქმა უნდა, შოუბიზნესის წარმომადგენლებიც იდგებიან სცენაზე“,- განაცხადა სოფო ხუნწარიამ.