მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართავს.
სოფო ხორგუანი მოითხოვს, შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის საკითხზე იმუშავებს.
„უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ იტალიაში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც დასაქმებული, რომელიც იხდის საშემოსავლო გადასახადს, თავად განსაზღვრავს ამ თანხის მცირე პროცენტის მიზნობრიობას. ეს რეგულაცია საშუალებას იძლევა თანხები სწორედ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით გამოიყოს. გარდა ამისა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო შესაძლებლობა, რომელიც თანხების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს“, – აცხადებს სოფიო ხორგუანი.
დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა იგივე მოთხოვნით, გუშინ, 2 აპრილს, საქართველოს მთავრობასაც მიმართა.