სოფო ხორგუანი - პარლამენტი პოლიტიკური ლიდერების თავშეყრის ადგილი უნდა იყოს, ჩვენ ეს არ გვაქვს
პარლამენტი პოლიტიკური ლიდერების თავშეყრის ადგილი უნდა იყოს, ჩვენ კი ეს არ გვაქვს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა და კრიზის მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პარლამენტში პოლიტიკური ლიდერები არ გვყავს. შეიძლება, რამდენიმე გავიხსენო, მაგრამ ასე ვერ ჩამოვთვლი. პოლიტიკური ლიდერობა ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების უნარს, პასუხისმგებლობის ტარების უნარს, კრიტიკულ აზროვნებას და არ ვიცი, ვინ შეიძლება, გავიხსენო, ვინც ამ ნიშნების მატარებელია. პარლამენტი პოლიტიკური ლიდერების თავშეყრის ადგილი უნდა იყოს და ჩვენ ეს არ გვაქვს. არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ზოგადად, პოლიტიკაში გვიჭირს. რეალურად, ეს არის პრობლემა. ადამიანები პოლიტიკურ თანამდებობებს ძალიან იოლად თანხმდებიან და შემდეგ, პასუხისმგებლობებს ასევე იოლად ისხლეტენ“, – განაცხადა ხორგუანმა.
მისი თქმით, დღის წესრიგს რეალურად ისევ ოპოზიცია ქმნის და ხელისუფლება ამ დღის წესრიგს მიჰყვება, რაც ხელისუფლების შეცდომაა.
„ძალიან ბევრ ადამიანს არ სჭირდება ეს კინკლაობა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას უკეთესობისკენ არ ცვლის და ეს უნდა შეიცვალოს. ხელისუფლების მთავარი შეცდომა არის ის, რომ ისინი თავად არ ლაპარაკობენ პრობლემებზე. კი, ვიცით, რომ იყო ის საშინელი სისტემა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ბევრ მათგანს, ვინც ხელისუფლებაშია, იქით მოვუყვები, როგორები იყვნენ ისინი, ვინც მანამდე გვყავდა, მაგრამ შენ რას მიკეთებ და რა გადაწყვეტილებებს იღებ? დიახ, დაგვიტოვეს ნაღმები და ხან ერთ ნაღმზე ავფეთქდით, ხან მეორეზე, მაგრამ შენ რას აკეთებ ამის საწინააღმდეგოდ, როგორ მოქმედებ და რა არის შენი გადაწყვეტილებები? აი, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხორგუანმა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც მოქალაქეებს უნდათ, არის მშვიდობა და განვითარება და ხელისუფლებამ ეს უნდა უზრუნველყოს.
კრიზის მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით სპეკულაციები არ იქნება.
„როცა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ამბობს, ევროკავშირი არ მინდა, საერთოდ, ევროპა არ მინდა და ნეიტრალიტეტი მინდაო, მესმის, მაგრამ ის ძალები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, დასავლური ძალები იყვნენ, ამბობენ, აშშ შეგვზღუდავს, სანქციებს დაგვიწესებენ და რაღაც უბედურება იქნებაო, მეორე დღეს კი ქვეყნდება ბიუჯეტი და ხედავ, რომ აშშ-დან უკვე გაზრდილი, 132 მილიონიანი დაფინანსება მოდის. ასეთი საკითხებით სპეკულაცია მიუღებელია“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.