სოფო ხორგუანი - „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული
უფლებადამცველი სოფო ხორგუანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული და დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავს მიზნად.
როგორც სოფო ხორგუანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა საუბრები კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე, არის მდარე ხარისხის თეატრალური წარმოდგენის რეკვიზიტი და ბუტაფორია.
„მოვუწოდებ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, რომელთანაც შესაძლოა, შერჩენილი აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეულ სტრატეგიას, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების ჯგუფს მოედანზე დაკავებული აქვს ავანს-სცენა და მდარე ხარისხის თეატრალურ წარმოდგენებს გვთავაზობენ. მათი საუბრები კანონის უზენაესობაზე, თუ დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე, არის მხოლოდ ამ მდარე ხარისხის თეატრალური წარმოდგენის რეკვიზიტი და ბუტაფორია. როგორც კი კანონის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხი დგება, ისინი იწყებენ სპეკულირებას თავიანთი ამჟამინდელი სტატუსით. ისინი ატარებენ, ოპოზიციური-პოლიტიკური ლიდერების სტატუსს, მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან თანასწორნი კანონის წინაშე. მათი ქმედებები მიმართულია, რომ შეინარჩუნონ პრივილეგიები, რომლითაც როგორც ოპოზიციური ლიდერები სარგებლობენ“, – აცხადებს ხორგუანი.
მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში ანტიდასავლური ღირებულებების გაღვივებას ცდილობენ.
„ოპოზიციური ლიდერები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქმნიან ისტერიას, თითქოს დასავლეთმა მიგვატოვა, სწორედ ეს იწვევს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი, ამერიკა თუ ევროპელი ქვეყნები ცალსახად და ნათლად გვიჭერენ მხარს, აღნიშნავენ პროგრესს, რომელიც არის და აქვე უთითებენ, რომ განვითარება უნდა გაგრძელდეს. ისტერიას ქმნის მთავარი ოპოზიციური ძალა, ეს პირდაპირ არის მიმართული, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობები გაღვივდეს. ეს ხელს აძლევს მხოლოდ ჩვენს მტრებს და არავითარ შემთხვევაში ამ ქვეყნის მოქალაქეს ეს არ სჭირდება“, – აცხადებს სოფიო ხორგუანი.