სოფო ხორგუანი - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ სივრცეში პირდაპირ სიყვითლით შემოვიდა
მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ სივრცეში პირდაპირ სიყვითლით შემოვიდა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა და კრიზის მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დაახლოებით, იცით, როგორ არის?! აი, ახლა რომ ვიღაც ტელევიზორში გვიყურებს და იტყვის, ასე ხომ მეც ვილაპარაკებო. ალბათ, მამუკა ხაზარაძემაც ჩათვალა, რომ თუ ესენი არიან დეპუტატები და პოლიტიკოსები, მეც შევძლებო და ასე, პირდაპირ სიყვითლით შემოვარდა. იმედი მაქვს, საზღვარგარეთ იპოვის გამოცდილ პოლიტტექნოლოგებს, არ იძუნწებს, დაიქირავებს და თავისი ადგილის დამკვიდრებას სხვანაირი პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს“, – განაცხადა ხორგუანმა.
მისი თქმით, ნულპროცენტიანი ბარიერი ქართული პოლიტიკისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს ძალიან კარგია, რადგან ბევრ ადამიანს მიეცა შანსი და მომავალში, ორპოლუსიანი ტოქსიკური გარემო აღარ იქნება.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის პიროვნული შუღლიც იყოს, მაგრამ ძირითადად, ყველაფერი, რასაც უახლოეს მომავალში ვნახავთ, რა განცხადებებიც გაკეთდება და რა პოზიციებსაც მოვისმენთ, ეს ყველაფერი ამ ახალი რეალობით იქნება განპირობებული.
„შესაძლოა, უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი გადაჯგუფება-გადმოჯგუფება და ახალი აღიარებითი ჩვენებები ვნახოთ. ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი პოლიტიკური ატმოსფერო მთლიანად ნულპროცენტიანი პროპორციული არჩევნებითაა გაჯერებული“, – განაცხადა ხორგუანმა.
ამ განცხადებით სოფო ხორგუანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი ქართულად და რას გვთავაზობენ პოლიტიკოსები, როცა ამაზე ხდება აპელირება.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია რწმენის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ პირადად მისთვის, ასეთი თემებით პოლიტიკური დივიდენდების მოგროვება აბსოლუტურად მიუღებელია.