სოფო ხორგუანი - ე.წ. შავი სიით ოპოზიცია შესაძლოა, მომხრეების შეგულიანებას ცდილობს, რადგან გამორიცხულია, საერთაშორისო ასპარეზზე მას რაიმე გაგრძელება ჰქონდეს
ე.წ. შავი სიით შესაძლებელია, საკუთარი ამომრჩევლებისა და მომხრეების შეგულიანებას ფიქრობენ, იერიშზე გადავედით და ვმოქმედებთო, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე გამორიცხულია, ამას რაიმე გაგრძელება ჰქონდეს, – ამის შესახებ უფლებადამცველმა და სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომლითაც ოპოზიციის მხრიდან ე.წ. შავ სიაზე მუშაობას გამოეხმაურა.
ხორგუანმა მიმდინარე პროცესი „კუდიანებზე ნადირობას” შეადარა და აღნიშნა, რომ მას არანაირი კავშირი აქვს დემოკრატიასთან, სამართლიანობასთან ან კანონის უზენაესობასთან.
„შესაძლებელია საკუთარი ამომრჩევლებისა და მომხრეების შეგულიანებას ფიქრობენ ამით, იერიშზე გადავედით და ვმოქმედებთო, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე, დემოკრატიულ ქვეყნებზე თუ ვლაპარაკობთ, გამორიცხულია, ამას რაიმე გაგრძელება ჰქონდეს. თუ რაიმე იქნება, შეიძლება, სწორედ მათ საწინააღმდეგოდ განაწყოს ის ხალხი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, ამან შიგნით იმუშავოს, შიგნით ვინც ნეიტრალურად იყო განწყობილი, ისიც მათ წინააღმდეგ განეწყობა. ეს ,,კუდიანებზე ნადირობას” ჰგავს. რაღაც ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ თვითონ არის პროკურორიც, მოსამართლეც , მსჯავრს ადებს ვიღაც ადამიანებს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც დემოკრატიასთან, არც სამართლიანობასთან, არც კანონის უზენაესობასთან. ფაქტია ის, რაც ვიცოდით, რომ ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან დემოკრატიული თუ დასავლური ღირებულებების მატარებლები, ფაქტია ისიც, რომ დანარჩენები აქ ბრიყვები ვგონივართ და ვინაიდან „მაგნიტსკის სიას” ახსენებენ, ჰგონიათ, არ ვიცით, რა არის „მაგნიტსკის სია“ ან როგორ მოქმედებს დასავლეთი. კლასიკურ დეტექტივებში, როდესაც დამნაშავეები დანაშაულის ადგილზე ბრუნდებიან, ამას ჰგავს. უმრვალესობა მათგანი არის ის, ვინც თავად ჩაიდინა დანაშაული, როგორც ჩანს, ის დანაშაულები აწუხებს. ამ ხელისუფლების ბრალეულობა არის ის, რომ როდესაც პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური დევნილებისა და პატიმრების სია, შემდეგ სათანადო რეაგირება არ მოაყოლა. ეს არის მთავარი, რამაც გააბედინა ამ ადამიანებს ასეთი ტიპის მოქმედება“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ხორგუანის აზრით, საჭიროა, დღევანდელმა ხელისუფლებამ სათანადოდ „გამოიძიოს იმ ადამიანების დანაშაულები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობდნენ“.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავი სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.