სოფო ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადავცემთ
დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას, გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „სულ მალე ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის“.
„მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას, მაშინ, როცა, ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა, ვფიქრობ, დროა, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან მიხელ სააკაშვილი, როდესაც მან ყველაზე კარგად იცის, ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, მხოლოდ მტრის ინტერესებს და ეს არის ერის ღირსების შელახვა. დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას, გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. პირველ მარტს, 15.00 საათზე ჩვენ ერთად უნდა გადავცეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეგროვებული ხელმოწერები. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. ენმ-ს რაიონული ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები და დაგეხმარებიან კოორდინაციაში“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.