სოფო ჯაფარიძე - მივიჩნევ, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ იმსახურებს იმ არაორგანიზებულ აქციებს, რაც დღეს ხდება
მივიჩნევ, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ იმსახურებს იმ არაორგანიზებულ აქციებს, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, თავად აქციებში მონაწილეობას არ იღებს.
„მე მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერი ტიპის აქტივობაში, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ იმსახურებს იმ არაორგანიზებულ აქციებს, რაც დღეს ხდება. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ყველას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როდესაც ვისმენდით ძალიან მსუყე დაპირებებს, მივიჩნევ, რომ ნებისმიერი ტიპის აქცია უნდა იყოს მეტად ორგანიზებული და მასშტაბური, ვიდრე დღეს არის; დღეს, როდესაც ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ თავების თვლით არის დაკავებული. ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ მათ ძალიან ეშინიათ ბევრი თავის, ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად ორგანიზებული და მასშტაბები უნდა იყოს დიდი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ვიქნები ყველა ქმედების მონაწილე, რომელი იქნება შედეგზე ორიენტირებული.
ჩვენ როდესაც ვისმენდით, რომ აუცილებლად იქნებოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, თუ საჭირო გახდებოდა, ფიზიკურად დაიხსნიდნენ მიხეილ სააკაშვილს – ამაზე მეტი საჭიროება რა უნდა იყოს? ადამიანი არის სრულად დაუძლურებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ველოდები, რომ გაგვიძღვეს ჩვენი მესაჭე და მე პირადად მას აუცილებლად გავყვები უკან, როდესაც ქმედება იქნება არა მხოლოდ ქმედებისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.