სოფო ჯაფარიძე - დღეს „ქართულ ოცნებას“ ვინმესი თუ ეშინია, ეს არის თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მაგალითია იმისა, რის მიღწევა შეუძლია საქართველოს მაშინ, როცა ერთიანდება
მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოქმედებათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი და მის დავალებას ზედმიწევნით ასრულებს ივანიშვილი. ივანიშვილს ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის და ზუსტად იცის, რომ მისი თავისუფლება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ვინმესი თუ ეშინია, ეს არის თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია საქართველოს მაშინ, როდესაც ერთიანდება.
„2 აგვისტოს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ახლად დანიშნულმა ე.წ. მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ სრულიად დაუსაბუთებლად და სრულიად უკანონოდ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. მან თქვა სრული აბსურდი, რომ თითქოს მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს, რაც არის სრული აბსურდი. მიხეილ სააკაშვილს არა თუ მოწმეებთან კომუნიკაციის, არამედ სატელეფონო ზარების განხორციელების და მასთან დეპუტატების შესვლის უფლებაც კი წართმეული აქვს. ეს არის სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთხელ პატიმრობამისჯილ ადამიანს მეორეჯერ შეეფარდოს პატიმრობა. დღესდღეობით ასეთი საქმე მეორე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. სწორედ ამ დროს სრულიად გაუგებარი მიზეზით მიხეილ სააკაშვილს უცვლიან პალატას, რაც, ცხადია, აჩენს დამატებით კითხვებს. მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი და ივანიშვილი ასრულებს სწორედ რუსეთის დაკვეთას და დავალებას. თუკი ვინმესი და თუკი რამის ეშინია დღეს „ქართულ ოცნებას“, ეს არის თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მაგალითია იმისა, თუ რის მიღწევა შეუძლია საქართველოს მაშინ, როდესაც ერთიანდება. ზუსტად იციან მათ, რომ როდესაც ქვეყანა იყო ყველაზე მძიმე და უიმედო მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანაში იყო წარმოუდგენელი კორუფცია, კრიმინალი, სიღარიბე, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო გაეერთიანებინა ხალხი და საქართველო რეგიონის ლიდერი გაეხადა. სწორედ ამას ვერ პატიობს „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს. მათ ზუსტად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს ბევრ ინვესტიციას საქართველოში, ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს, მაღალ ხელფასებს, დაბალ ფასებს და ყველაზე მნიშვნელოვანი – ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.