სოფო ჯაფარიძე და ლაშა ფარულავა დიდუბეში ამომრჩევლებს შეხვდნენ - „დედაქალაქში საზოგადოებამ გაიღვიძა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა თბილისში, დიდუბეში ამომრჩევლებს შეხვდნენ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ყველა მოქალაქის განწყობა ოპტიმისტურია.
„ვაგრძელებთ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს. ახლა დიდუბეში ვიმყოფებით და საოცარი განწყობაა. თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დავდივართ, შევხვდით უამრავ ადამიანს და ყველას განწყობა არის ერთნაირი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დადგეს ევროპულ გზაზე, უნდა დასრულდეს სიღარიბე, უნდა დასრულდეს უმუშევრობა, უნდა დასრულდეს ის მართლაც უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს თბილისელებს აქვთ: დაბალი ხელფასები, სამუშაო ადგილების არარსებობა, დაბალი პენსიები. ეს ადამიანები, მათ შორის თბილისელები, იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას და აუცილებლად, 26 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს დავაყენებთ ევროპულ გზაზე, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ.
ლაშა ფარულავას განცხადებით, თბილისელებს ყველაზე მეტად მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი აწუხებთ.
„დედაქალაქში საზოგადოებამ გაიღვიძა, ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ვინაიდან არჩევანი არის მარტივი: ერთიანობა, ევროპული კეთილდღეობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ძლიერი ოჯახი, პენსიონერების დაცვა, შემოსავლების ზრდა და ფასების მაფიის დამარცხება, რადგან ყველაზე მეტად თბილისელებს აწუხებთ მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი. სწორედ ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ეს მაფიოზური, კლანური, კორუფციული მმართველობა და ევროპაში გაწევრიანებით უნდა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აქვთ თბილისსა და თბილისელებს“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.