სოფო ჯაფარიძე - 26 ოქტომბრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, აუცილებლად მოვიპოვებთ ევროპულ კეთილდღეობას
26 ოქტომბრის შემდეგ ერთიანობით, ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ კეთილდღეობას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი და „არჩევანი ძალიან მარტივია: სიღატაკე იზოლაციაში თუ კეთილდღეობა ევროპაში“.
„გპირდებით, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე საქართველოს თითოეული მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ქვეყანაში აღარ იქნება ბავშვი, რომელსაც ეშიება, დავაბრუნებთ ემიგრაციიდან ჩვენს ღირსეულ ემიგრანტებს – ადამიანებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან ოჯახებს და 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რათა არჩინონ შვილები, პენსიონერი მშობლები, ოჯახის წევრები. გპირდებით, რომ დასაქმებულებს ექნებათ ღირსეული, ევროპული ანაზღაურება, ჩვენს მოხუცებს კი ექნებათ ღირსეული პენსია და მხრებზე ტვირთად არ დააწვებათ საპენსიო სესხები. სტუდენტებს, რომლებსაც უწევთ ფიქრი იმაზე, როგორ იქირაონ ბინები, ეს პრობლემა მოეხსნებათ, რადგან ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება ბინის დაქირავება სახელმწიფო სუბსიდიის მეშვეობით. ამას გარდა, აშენდება უამრავი საერთო საცხოვრებელი.
გპირდებით, რომ აუცილებლად ისევ გავამყარებთ მჭიდრო ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რაც, შესაბამისად, ნიშნავს ახალ ინვესტიციებს, დახმარების ახალ პაკეტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პირობებში შეჩერებულია. გპირდებით, საქართველოს დავუბრუნებთ განვითარების იმ ტემპს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად, ჩაუყარა საფუძველი. ჩვენი კოალიცია გპირდებათ, რომ გექნებათ ქვეყანა, საიდანაც არათუ გარბიან მოქალაქეები, არამედ ღირსეული, წარმატებული, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი საამაყო თანამემამულეები დაბრუნდებიან, როგორც ეს მოხდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ – ათეულათასობით ადამიანი დაბრუნდა და ჩაერთო ქვეყნის მშენებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. გპირდებით ისეთ ქვეყანას, სადაც დილას დედას, რომელიც შვილს აცილებს სკოლაში, არ მოუწევს ფიქრი, მისი შვილი დარჩება თუ არა მშიერი, გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირსა და ნატო-ში.
„ქართული ოცნება“ დღეს ჯიუტად ცდილობს, წაშალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვალი ქვეყნის წარმატებაში, მაგრამ ეს არ გამოუვა. დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება ასამართლებს პოლიტიკურ ლიდერს, რომელმაც სახელი გაითქვა მსოფლიოში სწორედ კორუფციასთან ყველაზე წარმატებული ბრძოლით. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ კეთილდღეობას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას.