სოფო ჯაფარიძე - საქართველო დაუბრუნდება აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი
26 ოქტომბრის შემდეგ ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა ერთიანობით გავიმარჯვებთ და საქართველო დაუბრუნდება აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპაში ხელოვნური ბარიერებით არ ებრძვიან წარმატებულ პროექტებს და ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ამ ყველაზე რთულ დღეს, სინამდვილეში, მოსამართლეებმა ძალიან მარტივი არჩევანი უნდა გააკეთონ. მათ უნდა აირჩიონ, ექნება თუ არა ევროპული მომავალი ჩვენს ქვეყანას თუ ექნება მომავალი ისეთი ქვეყნების ალიანსში, როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა და სხვები. დრო არ ითმენს, საჭიროა, რუსული კანონის მოქმედება შეჩერდეს, ხოლო შეჩერებული პროექტები, მათ შორის, ბათუმში, განახლდეს და საქართველო დაუბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაუყარეს საფუძველი და რომელიც უამრავი წარმატებული ქვეყნისთვის სამაგალითო იყო.
სწორედ იმიტომ ვირჩევთ ევროპას, რომ ევროპაში ხელოვნური ბარიერებით არ ებრძვიან წარმატებულ პროექტებს, იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ იქ არ არიან პოლიტიკური პატიმრები, იქ ხელისუფლება ზრუნავს ხალხზე. დარწმუნებული ვარ, რუსული კანონი საქართველოში აუცილებლად შეჩერდება და ეს მოხდება ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, 26 ოქტომბრის შემდეგ ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა ერთიანობით გავიმარჯვებთ და ამ რუსულ ხელისუფლებას შინ გავისტუმრებთ“, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.