სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა“ შედეგები შეაჯამეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა“ შედეგები შეაჯამეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ შედეგები შეაჯამეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ პროექტის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, მიესალმება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტყის მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების საქმეში.

„ქვეყანაში მიმდინარე სატყეო რეფორმა მიმართულია ტყის სწორი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ ისე, რომ, ერთი მხრივ, დაკმაყოფილებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, მეორე მხრივ, სატყეო სექტორმა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ტყის რეფორმა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ამბიციური ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს, 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიები 35 პროცენტამდე შემცირდეს 1990 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით. მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტყის მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების საქმეში“, – განაცხადა კახა კაკაბაძემ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, პროექტი იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 920,000 აშშ დოლარს აღემატებოდა.

„მოხარული ვართ, რომ იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობა ხელს უწყობს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას და მწვანე ეკონომიკურ ზრდას“, – აღნიშნა საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილემ, სუძუკი ტოშიუკიმ.

„ტყის დაცვის პროექტი გასული წლის აპრილიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებშიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყო ხოლო, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით (ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილი, სამი „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, ერთი ტრაქტორი და სამი  ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვა. ასევე, მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი, 30 ერთეული სპეციალური ცეცხლგამძლე ჩაფხუტი, 50 ერთეული რადიოგადამცემი და სამი კვადროციკლი გადაეცათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას უწყობს ხელს. 60-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა – ენერგოეფექტური ღუმლები, დაახლოებით 43 000-მდე მცხოვრებელმა კი ყოველდღიური საჭიროებისთვის მდგრადი გზით დამზადებული საწვავი, ბიომასა მიიღო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა იაპონელმა ექსპერტებმა ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავეს. ჩატარდა საინფორმაციო კამპანია „ტყე ჩემი მეგობარია“, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის შესახებ. მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაგალითი ცხადყოფს, რომ ტყის რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას სიკეთე მოაქვს როგორც ადამიანებისთვის, ისე ბუნებისა და ეკონომიკისთვის.

„განსაკუთრებით გვიხარია, რომ ჩვენი ხელშეწყობით გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ინიციატივებში“, – აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა.

პროექტის ფარგლებში სრულად აღიჭურვა სამი „საქმიანი ეზო“ ჯიღაურაში ძეგვსა და ქვემო ლისში; გადამზადნენ მეტყევეები; საინფორმაციო კამპანია ჩატარდა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.