სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საქართველოდან ექსპორტირებულია 9 088 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა.
უწყების ცნობით, ექსპორტის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27 პროცენტით, ხოლო ექსპორტის ღირებულება, 31 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, სამი პროცენტით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა), ასევე, ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.