სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 1 050 ტონა დაზიანებული ყურძენი
5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავებულია 1 050 ტონა დაზიანებული ყურძენი, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (ორი ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი.
2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3 500 ჰექტარზე მეტი ფართობი.
„დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო. მევენახეები შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 16 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 8 ათას ტონამდე რქაწითელი, 5 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 220 ღვინის საწარმო“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.