სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 13 ათას ტონამდე ყურძენი
დღეის მდგომარეობით, უკვე გადამუშავდა 13 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 7.5 ათას ტონამდე რქაწითელია, 2.3 ათას ტონამდე – საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 230 ღვინის საწარმო, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფასები ფიქსირდება კილოგრამ რქაწითელზე 1.07 ლარი, ხოლო საფერავზე – 1.30-1.40 ლარი.
„აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. შესაბამისად, 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიან რეჟიმში მუშაობს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.