სოფლის მეურნეობის სამინისტრო - აგროქულები 40 000-მდე ფერმერს დაერიცხა, სახელმწიფო პროგრამით 300 000-ზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, აგროქულები 40 000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა, სახელმწიფო პროგრამით 300 000-ზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
„ლიბერთი ბანკის აგრობარათებზე „სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული ქულების დარიცხვა, პოტენციური ბენეფიციარებისთვის ეტაპობრივად ხორციელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე myliberty.ge გადაამოწმოთ ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიოთ ლიბერთი ბანკის თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს.
პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით. ფერმერებს პროგრამის დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ან პროგრამაში ჩართვასთან/პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს (1501).
„სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1 ჰა-ზე 300 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულით). პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.
ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში, სასოფლო-სამეურნეო საქონლის – ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო სამეურნეო იარაღები, და სხვა – შესაძენად. მაღაზიების ჩამონათვალი, მისამართების მითითებით იხილეთ: myliberty.ge.
აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება“, – აცხადებენ უწყებაში.
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.