სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა უკრაინული მარცვლეულის აკრძალვის გაგრძელებას მხარი დაუჭირა და სუბსიდირების უზრუნველყოფის შეთავაზებით გამოვიდა
სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა უკრაინული მარცვლეულის აკრძალვის გაგრძელებას მხარი დაუჭირა და სუბსიდირების უზრუნველყოფის შეთავაზებით გამოვიდა

სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა, იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ მხარი დაუჭირა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის დროებითი აკრძალვის გაგრძელებას 2023 წლის ბოლომდე და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტიორებისთვის სუბსიდირების უზრუნველყოფის შეთავაზებით გამოვიდა. ამის შესახებ გამოცემა euobserver-ი წერს.

აკრძალვას, რომელიც ამჟამად ძალაშია პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში, ვადა 15 სექტემბერს ეწურება.

ამ შემაკავებელი ზომების მიხედვით, უკრაინული აგროსასურსათო პროდუქტები ამ ქვეყნებით აგრძელებს გადაადგილებას მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც მარცვლეულია საჭირო.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის ევროპარლამენტართა ჯგუფთან საუბრისას ვოიჩეჩოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის ღირებულების სუბსიდირება ბალტიისპირეთის საზღვაო პორტებში. ამ წინადადებას, მისი თქმით, აქვს ფრონტის ხაზის ხუთი ქვეყნისა და უკრაინის მხარდაჭერა.

„ეს არ არის კომისიის წინადადება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე იქნება“, – განაცხადა ვოიჩეჩოვსკიმ და აღნიშნა, რომ ბაზრების ხელახლა გახსნა გამოიწვევს „უზარმაზარ კრიზისს“.

ევროკავშირის კომისიამ დაადასტურა, რომ მსგავსი წინადადება ამჟამად განხილვის საგანი არ არის.

ივლისის დასაწყისში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ თუ კომისია არ დათანხმდება, ვარშავა ცალმხრივად გაახანგრძლივებს აკრძალვას.

ერთობლივი საკოორდინაციო პლატფორმის შემდეგი შეხვედრა ევროკავშირის კომისიის, უკრაინისა და ფრონტის ხაზის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით, სავარაუდოდ, სამშაბათს გაიმართება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ აკრძალვის ცალმხრივი გაგრძელება დაარღვევს საერთო ბაზრის წესებს და უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას.

უკრაინის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ თუ წევრი ქვეყნები ცალმხრივად გაახანგრძლივებენ იმპორტის აკრძალვას, ის მოელის, რომ ევროკავშირის კომისია მიიღებს იურიდიულ ზომებს ამ წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში, კიევს შეუძლია, სამართლებრივი ზომები მიიღოს ევროკავშირის წინააღმდეგ.