გერმანიაში ოლაფ შოლცის პარტიის წევრს თავს დაესხნენ, კანცლერმა მომხდარს დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა
გერმანიაში ოლაფ შოლცის პარტიის წევრს თავს დაესხნენ, კანცლერმა მომხდარს დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა

დრეზდენში გერმანიის კანცლერის თანაპარტიელს თავს დაესხნენ. ოლაფ შოლცმა მომხდარს დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.

საუბარია სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრზე, მატიას ეკეზე, რომელსაც დრეზდენში უცნობი პირები იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც საარჩევნო პლაკატებს აკრავდა. თავდასხმის შედეგად მატიას ეკე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მომხდარში ბრალი ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალიანსი გერმანიისთვის“ წევრებს დასდო.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ თუ დამტკიცდება თავდასხმის პოლიტიკური მოტივი, ეს იქნება სერიოზული თავდასხმა დემოკრატიაზე.

მომხდარს, ასევე, გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისი თქმით, პოლიტიკოსებზე თავდასხმები ნებისმიერ ჯანსაღ საზოგადოებაში მიუღებელია.

„დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, ამიტომ არ შეიძლება უბრალოდ მხრების აჩეჩა. ჩვენ ამას ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ. ამას არ მიიღებს საზოგადოების წესიერი და გონივრული უმრავლესობა, მათ შორის, გერმანიაში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა

ცნობისთვის, ეს არ არის გერმანიაში პოლიტიკოსებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. მიმდინარე კვირაში ბრანდერბურგის ოლქში გამართული აქციის მონაწილეებმა მწვანეთა პარტიის წევრის, კატრინ გერინგ-ეკარდის ავტომობილი ალყაში მოაქციეს და გადაადგილების უფლება შეუზღუდეს.

მანამდე პროტესტში მონაწილე ფერმერებმა სამგზავრო ბორანზე გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი დაბლოკეს.