სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით მარნეულიდან დაახლოებით 1 000 ტონა ბოსტნეულია გატანილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით მარნეულიდან დაახლოებით 1 000 ტონა ბოსტნეულია გატანილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მარნეულიდან დაახლოებით 1 000 ტონა ბოსტნეულია გატანილი.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით დღეს მარნეულში ჩამოიყვანეს ექსპორტიორები.

„ესენი ის ექსპორტიორები არიან, ვისაც აქვთ უდიდესი გამოცდილება საქართველოდან პროდუქციის გატანის. მუშაობენ სხვადასხვა სახის პროდუქციაზე როგორც ბოსტნეულზე, ასევე ხილზე. მათ დაათვალიერეს მარნეულის ტერიტორიაზე არსებული სამაცივრე მეურნეობები, რადგან ექსპორტიორისთვის აუცილებელია მოხდეს პროდუქციის დახარისხება. ფერმერს მიეცეს საშუალება, რომ თავისი პროდუქცია თავისი შეხედულებისამებრ შესთავაზოს ექსპორტიორს. ვფიქრობ, ეს გარკვეულად გამოიწვევს ფასების რეგულირებას და კონკურენციის გაზრდას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ასეთი მეთოდით, ასეთი მართვით, ასეთი კომუნიკაციით გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც, რადგან ვიცით მათი გამოცდილება, ისინი მუშაობენ უკვე, სხვადასხვა მიმართულებით ჩართულები არიან“, – განაცხადა პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, წინა კვირასთან შედარებით მარნეულში ზოგადი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია.

„დღეის მდგომარეობით დაახლოებით 1 000 ტონა ბოსტნეულია გატანილი, მათ შორის კიტრი არის დაახლოებით 60-65%. გუშინ გავიდა 178 მანქანა და საუბარი იმაზე, რომ ვინმეს ჰქონდა აქ ექსკლუზივი და ჰქონდა მონოპოლიური მდგომარეობა, გამორიცხულია. მხოლოდ ორი მანქანა იყო კომპანია „ჯიბესი“. ჩამოდიან აჭარიდან, სხვადასხვა რეგიონიდან, ჩვენ ვაკეთებთ ერთიანი ფანჯრის პრინციპს და სახელმწიფოს მოვალეობა რაც არის, ვცდილობთ, ეს ყველაფერი იყოს მობილურად გაკეთებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებასთან ერთად, ჩვენ პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსთან დაკავშირებული არ უნდა შევასუსტოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ დავიცვათ ოქროს შუალედი და დავიცვათ ბალანსი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.