საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ევროკავშირი 12 მილიონ ევროს გამოყოფს
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის მიერ 12 მილიონი ევროთი დაფინანსებული პროექტი განხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი პროექტის შეთანხმებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე მოაწერენ ხელს.
პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (2015-2020)“ განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, მათ შორის, განხორციელდება გრანტების გაცემა ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
პროექტის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია ხვალ გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის დელეგაციის ატაშე ქრისთინა ქასელა და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.