სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი - მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხი მაღალი, შესაბამისად, ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება
თხილის ფასი ხარისხის ზრდასთან ერთად მოიმატებს, ამჟამად ბაზარზე ნაადრევად ჩამოყრილი მოსავლის ჩაბარება ხდება, – ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ განაცხადა.
„დღევანდელი ფასები არ არის რეალურად საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კრეფის პროცესი. ის, რა თხილიც მიიტანეს სარეალიზაციოდ, ეს არის ცუდი ხარისხის, ანუ ჩამოყრილი თხილი, რომელიც ადრე ჩამოიყარა – ბუნებრივია, ის ხარისხიანი არ იქნება. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჯერ თხილი გააშრონ და შემდეგ პირდაპირ ჩააბარონ საწარმოებში, რადგან საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხი იქნება მაღალი და, შესაბამისად, ჩვენი ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება”, – განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
მისივე განმარტებით, თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომელთაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს და შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრომაღაზიებში გაანაღდეს. ლაშა შალამბერიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა, თხილის მოვლისთვის საჭირო ყველა საშუალება უფასოდ მიეღოთ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.