სოფიო ქაცარავა - ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან და მინისტრთა კაბინეტთან მიმართებაში უმრავლესობის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა
ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან და მინისტრთა კაბინეტთან მიმართებაში უმრავლესობის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ ხვალინდელ მოსმენაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის მიმართ კითხვები სხვა თემებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც შეეხება.
„საგარეო მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. ცხადია, საგარეო მიმართულებით ვართ ძალიან თანმიმდევრულები. შესაბამისად, დიდ სიახლეებს არ ველოდები. ანგარიშისა და სამომავლო ხედვების გარდა, რა თქმა უნდა, გვექნება კითხვები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები, ასევე ჩვენი მოლოდინები ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი ხვალიდან დაიწყება. დეპუტატების წინაშე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება, რომელსაც დეპუტატები სამი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.