სოფიო ქაცარავა - საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს
სოფიო ქაცარავა - საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს

ნატო განიხილავს საქართველოს, როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს, რაც ინტეგრაციის პროცესში წარმატებული რეფორმებისა და არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანი განხორციელების შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა.

„საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან, რასაც ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, ერთობლივი წვრთნები და არაერთი ღონისძიება, სადაც ალიანსი სრული ფორმატით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისი თქმით, საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა.

„ჩვენი ქვეყნის ალიანსში მომავალი წევრობა შეუქცევადია. ეს არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ მაქსიმალურად წარმატებულად მივაღწიოთ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, რაც ნატო-ს სრულფასოვან წევრობას ნიშნავს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს ხვალ ეწვევა, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს 25 მარტს გამართავს. იენს სტოლტენბერგი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ასევე, ნატოს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს” ეწვევა, სადაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ მიმდინარეობს.