საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა 8-11 აპრილს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა მონაწილეობას მიიღებს გლობალურ საპარლამენტო კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით იმართება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აშშ-ს კონგრესისა და სენატის ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველო-აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, საქართველოს სუვერენიტეტი და ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული ვითარება, საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაძლიერება და ჰიბრიდული საფრთხეები.
სოფიო ქაცარავა ასევე, მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ საფეხურზეა გადასული და საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს აშშ-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, რაც დასტურდება ფაქტებით და ხელშესახები შედეგებით. ჩვენი ამოცანაა, ამ ურთიერთობების ფარგლებში არსებული ყველა მიმართულება მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მივიღოთ ურთიერთსასარგებლო შედეგები ორივე ქვეყნისთვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებთან და სწორედ, ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე გავაკეთებ აქცენტებს ყველა იმ პოლიტიკურ და სექტორულ მიმართულებაზე, რაც არსებობს ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.