სოფიო ქაცარავა - რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
„ლუქსემბურგის დეკლარაციაში შევიდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის პრინციპული და მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ასახავს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის მიხედვით, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო ნორმები და სამართალი“,- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე; აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას.
ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის – „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობისკენ;
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის დაბრუნების შესახებ.
რეზოლუციაში ასახულია მოწოდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულობისკენ და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მტკიცე მხარდაჭერა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.