სოფიო ქაცარავა - „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული კურსი, გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, „ქართული ოცნება“ წარმოაჩინოს პრორუსულ ძალად.
ამის შესახებ დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა.
„ქართული ოცნება“ არის ყველაზე პროდასავლური პოლიტიკური ძალა დღეს. ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო, სწორი, თანმიმდევრული. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირის წევრები და ნატო-ს წევრები, რისთვისაც საჭიროა დრო და პასუხისმგებლიანი მიდგომა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიღწევებს შორის მან ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან ასოცირების შეთანხმება დაასახელა.
„რეალობა არის ის, რომ არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც არ აღიარებს, რომ საქართველო არის წარმატებისა და პროგრესის მაგალითი. ნამდვილად ვერ გამეჯიბრება ოპოზიციის ვერც ერთი წევრი იმაში, ვის უფრო სწრაფად უნდა საქართველო ევროკავშირის შემადგენლობაში შევიდეს. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.