სოფიო ქაცარავა - „ნაციონალურ მოძრაობას“ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია
„ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთავი 2“-ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც არჩევნების დისკრედიტაციასა და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება, – ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
„მსოფლიოს სხვდასხვა ქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ. მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც საკონსულოებისა და საელჩოების სახელით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უკავშირდებიან. მათ მიზანმიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობისა და თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან.
ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს მათ სანაცვლოდ საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში. ეს დაჯგუფებები მოქალქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ, ასევე ვითომდა აღრიცხვაზე დადგომის მოტივით, მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ.
ისინი აქტიურად იყენებ სოციალურ ქსელებს და ფეიკ-გვერდების საშუალებით ამ და სხვა ტიპის ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.