სოფიო ქაცარავა - მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციის პროექტი მიიღოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ვერ აკონკრეტებს, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები როდის გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს, რის გამოც საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
დეპუტატის თქმით, პარლამენტი ისეთ დოკუმენტს მიიღებს, სადაც არჩილ ტატუნაშვილის საზარელ ფაქტს პასუხი მკაცრად და შესაბამისად გაეცემა.
„კონსულტაციის დროს და თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ პარლამენტი იმ რეზოლუციას მიიღებს, სადაც საზოგადოებაში არსებული სულისკვეთება აისახება“, – განაცხადა ქაცარავამ.
დეპუტატი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადებაში იმის ხაზგასმა მოხდა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ჟენევის ფორმატი ერთადერთია, სადაც პოლიტიკური საკითხები განიხილება.
„ამ ფორმატის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს. ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, მიმართულია იმისკენ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს, რაც ქვეყნის ინტერესებშია“, – აღნიშნა ქაცარავამ.
პარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ორი პროქტი, ერთი უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე – უმცირესობას.
„ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის კონსულტაციები რეზოლუციის პროექტის ერთიან ტექსტზე შეჯერების მიზნით გაიმართა, თუმცა მხარეები ერთ დოკუმენტზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა.