სოფიო ქაცარავა - ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველო არის ევროპული ღირებულებების ერთგული ქვეყანა და ვარსკვლავი რეგიონში
ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველო არის პროგრესული, ევროპული ღირებულებების ერთგული ქვეყანა და ვარსკვლავი რეგიონში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის სწორი და ობიექტური შეფასება, რაც ზუსტად ასახავს საქართველოს ხელისუფლების სულისკვეთებასა და ძალისხმევას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიმართ ასეთი მხარდაჭერისთვის. მოვისმინეთ არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება და შეფასება ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ საქართველო არის პროგრესული, მოწინავე, ევროპული ღირებულებების ერთგული ქვეყანა და ვარსკვლავი რეგიონში. ეს არის სწორი და ობიექტური შეფასება, რაც ზუსტად ასახავს ჩვენი ხელისუფლების სულისკვეთებასა და ძალისხმევას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ამაყობს საბჭოთა სისტემაში მუშაობით, პოლიტიკურ სივრცეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„რაც შეეხება განცხადებებს, რომ სამარცხვინო არის მსგავსი კამპანიის წარმოება ქალი კანდიდატის მიმართ – მართლაც სამარცხვინოა, ბინძური კამპანიის წარმოება. ის, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერდა, თავისთავად მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც ამაყობს საბჭოთა სისტემაში მუშაობით, პოლიტიკურ სივრცეში ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ზუსტად ამ განცხადებასა და ფაქტს გამოეხმაურა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარმა, ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა, რომ საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები და შეტევა, რაც სამარცხვინოა საქართველოს იმიჯისთვის.
რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა, ვიქტორ ბოშტინარუმ კი განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.