სოფიო ქაცარავა - 21-ე საუკუნეში კვლავ განვიცდით ოკუპაციას, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები
სოფიო ქაცარავა - 21-ე საუკუნეში კვლავ განვიცდით ოკუპაციას, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები

დღეს, 21-ე საუკუნეში კვლავ განვიცდით ოკუპაციას, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობენ.

„მე მესმის დებატების მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, თუმცა მინდა, გთხოვოთ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, შეხედოთ ამ საკითხებს იმ ქვეყნების გადმოსახედიდან, რომლებიც დღემდე იტანჯებიან რუსეთის ზეწოლისა და აგრესიის გამო. ჩვენ წარმოვადგენთ აქ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც ათეულობით წელია, ცხოვრობენ უკანონო ოკუპაციის პირობებში. ჩვენ მოვისმინეთ როგორ ეყრდნობა ჩვენი რამდენიმე კოლეგა ზოგიერთ ისტორიულ ფაქტსა და ეპიზოდს, თუმცა დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენ კვლავ განვიცდით ოკუპაციას, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, ასი ათასობით დევნილი კი დღემდე ელოდება სახლებში დაბრუნებას“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

მისი თქმით, რუსეთს ოდესმე რაიმე რეკომენდაციის ან საერთაშორისო ვალდებულების შესრულება რომ მონდომებოდა, დავინახავდით მცირე პროგრესს მაინც, თუმცა ამას საერთოდ ვერ ვხედავთ.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების, რეზოლუციების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დარღვევებზე, ოკუპაციასა და ანექსიაზე. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ ამ ყველაფერს განსჯისა და გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება ევროპაში“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხს განიხილავენ. ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციას სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. რუსეთის შესაძლო დაბრუნების შესახებ კენჭისყრა ცოტა ხანში დაიწყება. მანამდე საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.