მთავარი მიზანი არის, ისეთი პრემიერ-მინისტრი გვყავდეს, რომლის სოციალური პოლიტიკა, ბიზნესის გვერდით დგომასთან ერთად, ძალიან ძლიერი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფიო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება.
„ბუნებრივია, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ ვისაუბრებ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ისეთი პრემიერ-მინისტრი გვყავდეს, რომლის სოციალური პოლიტიკაც, მათ შორის ბიზნესის გვერდით დგომასთან ერთად, იქნება ძალიან ძლიერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როგორც ამ დღეებში არაერთხელ ითქვა, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები სიღარიბის კუთხით, გვაქვს სერიოზული გამოწვევები იმ კუთხით, რომ ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, რათა მათი ღირსეული ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კილაძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი, მას ჰქონდა და აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, მათ შორის, გუნდის მხარდაჭერა.
„მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. აიღო პასუხისმგებლობა იმ სიტუაციაზე, რაც არის შექმნილი ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორ სოციალურ პოლიტიკას ვატარებდით ამ წლების განმავლობაში, გვჭირდება უფრო მეტი, აქედან გამომდინარე, გიორგი კვირიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი“, – ამბობს დეპუტატი.
მისივე თქმით, ეკონომიკური მიმართულება უნდა გაძლიერდეს, რადგან სოციალური დაცვა ვერ იქნება ძლიერი, თუ ძლიერი ეკონომიკა არ შეიქმნა.
„აქედან გამომდინარე, ორივე მიმართულება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკის გაძლიერება, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, ასევე, ძლიერი სოციალური პოლიტიკა, რომელიც დააბალანსებს და ქვეყანაში რა დოვლათიც შეიქმნება, თანაბრად იქნება განაწილებული“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად განიხილება, დეპუტატი პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. „თუმცა ვიტყვი, რომ მამუკა ბახტაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი“, – განაცხადა კილაძემ.
ამასთან, სოფიო კილაძის შეფასებით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი და საზოგადოების დიდი ნაწილი ისურვებდა პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს.
„მაგრამ როგორც მოგეხსნებათ, მან თვითონ თქვა ნებაყოფლობით პრემიერ-მინისტრობაზე უარი. დაგვთანხმდა ერთადერთზე, რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას. თუმცა, თუ ის შეცვლის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, მაქსიმალურად დავუჭერ მხარს მის გადაწყვეტილებას და ნამდვილად ვისურვებდი“, – ამბობს კილაძე.
დეპუტატის თქმით, რაც შეეხება ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, ამ საკითხზე მსჯელობა გუნდში გაიმართება.
„ჩვენ გვაქვს გუნდში დემოკრატიული პრინციპები დამკვიდრებული. ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.