სოფიო კილაძე - დაუშვებელია, სახალხო დამცველის ოფისმა ფუნქციონირება შეწყვიტოს ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები უმაღლეს რანგშია აყვანილი
სოფიო კილაძე - დაუშვებელია, სახალხო დამცველის ოფისმა ფუნქციონირება შეწყვიტოს ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები უმაღლეს რანგშია აყვანილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის ოფისის საკითხზე ღირსეული რეაგირება მოახდინოს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სახალხო დამცველის ოფისს მუშაობისთვის ადეკვატური პირობები უნდა ჰქონდეს.

დეპუტატის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სახალხო დამცველის ოფისთან დაკავშირებით  ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრებთან კონსულტაციები გამართა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ ფართი უნდა გამოყოფილიყო, რადგან დიდი ხანია, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მაშინ კონკრეტულ ფართზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან სახალხო დამცველისთვის ადგილმდებარეობა არ იყო მოსახერხებელი. ახლა კი, სახალხო დამცველის აპარატმა ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, რომ ამაზე რეაგირება ღირსეულად გააკეთონ, რადგან დაუშვებელია, სახალხო დამცველის ოფისმა იმ ქვეყანაში  შეწყვიტოს ფუნქციონირება, სადაც ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები უმაღლეს რანგშია შეყვანილი. მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველს მუშაობისთვის ადეკვატური გარემო ჰქონდეს, რათა ადამიანის უფლებები დაიცვას”, – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე სამუშაო პროცესს აჩერებს.  ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აპარატის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის.