სოფიო ხუნწარია - ზუსტად ვიცით ოთხი შენობა, რომელშიც დარჩება ბიბლიოთეკა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დაფუძნების საკითხის განხილვისას მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ დაასახელა ბიბლიოთეკები, რომელიც განაგრძობს ფუნქციონირებას.
სოფიო ხუნწარიას თქმით, ამ დროისთვის ცნობილია ოთხი შენობა, რომელიც დარჩება ბიბლიოთეკად.
„იმ ოთხ შენობას ვასახელებ, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ დარჩება ბიბლიოთეკად. ბუნებრივია, სხვა ბიბლიოთეკების უმრავლესობა იქნება დატოვებული, ბიბლიოთეკები, რომლებიც ინფრასტრუქტურულად ამის საშუალებას მოგვცემს და მათ შორისა ტოვსტონოგოვის ბიბლიოთეკა. ის კომერციულად ძალიან კარგ ადგილზეა. მეორე, ახალ აღმაშენებელზე არსებული ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან პატარა ფართისაა, მაგრამ დარჩება და პლუს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. დადიანის ბიბლიოთეკა, რომლის ნაწილიც, სამწუხაროდ, თუ არც ვცდები, 2009 წელს გაიყიდა და დღეს იქ აფთიაქია, დაახლოებით 80 კვ.მ.-დეა დარჩენილი და საოცარი სივრცეა, ჭერიც კი მოხატულია. ამ შენობას ძეგლის სტატუსი აქვს ჩამორთმეული მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრიტერიუმით ის არის ძეგლი. იქ ბიბლიოთეკა აუცილებლად იქნება და ეს არის ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკა, რომელიც დამეთანხმებით, რომ კომერციულად ყველაზე მომგებიანია და ეს ბიბლიოთეკა დარჩება.
დადიანის ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით ორ ინვესტორს ჰქონდა სურვილი სააფთიაქო ქსელთან დაკავშირებით, რაზეც მათ კატეგორიული უარი მიიღეს.
კრწანისის რაიონს კი იქნება ისეთი ბიბლიოთეკა, რომლითაც პირველ რიგში, თქვენ იამაყებთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.