სოფიაში დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი ევროკავშირის სამიტი იმართება
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, დღეს დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი ევროკავშირის სამიტი გაიმართება. შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ბულგარეთის ინიციატივით იმართება.
სამიტზე საუბარი შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციის სტრატეგია თებერვალში გამოაქვეყნა.
ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენდენტი ექვსი ბალკანური ქვეყანაა. მათგან წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსი აქვთ სერბეთს, მაკედონიას, ალბანეთს და მონტენეგროს. ბოსნია-ჰერცოგოვინას და კოსოვოს ეს სტატუსი ჯერ არ გააჩნიათ.
სერბეთისა და მონტენეგროსთვის ევროკავშირში გაწევრიანების სავრაუდო ვადად სტრატეგიაში 2025 წელია მითითებული, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აღნიშნული ქვეყნები ყველა აუცილებელ პირობას შეასრულებენ, ერთ-ერთი პირობა კი ტერიტორიული დავის დარეგულირებაა.
მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ევროკავშირი სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყებს.
სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 მაისს სოფიაში დაგეგმილ სამიტს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, კერძოდ, რუმინეთი, კვიპროსი და ესპანეთი არ დაესწრებოდა,. ამის მიზეზად სამიტში კოსოვოს მონაწილეობა სახელდებოდა, რომლის დამოუკიდებლობას ევროკავშირის ხუთი წევრი არ აღიარებს.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.