სოფელ ზეღდულეთში აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.
აქციის მონაწილეებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის, ასევე სოფლის მცხოვრებელთა ინტერესები.
„ეს ძალიან რთული საკითხია. მხოლოდ ჭები 2008 წელს გაიყიდა ინდოელებზე, შეეცვალა სტატუსი და საძოვრიდან გადავიდა სახნავ-სათესში. რამდენიმე თვის წინ კი ეს მიწა, ინდოელებმა გაყიდეს და მას ახალი მფლობელი ჰყავს. შევთანხმდით, რომ ქუჩიდან პროცესი გადავა კაბინეტში. ამას უნდა მუშაობა. შეიკრიბება რამდენიმე კაცი, შედგება საინიციატივო ჯგუფი და ერთად მოვძებნით გამოსავლის გზებს“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.
ადგილობრივები დათანხმდნენ ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზებას და აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები აქციას დილიდან მართავდნენ. მოსახლეობამ მიწის გასხვისება კიდევ ერთხელ გააპროტესტა. აქცია ჯერ სოფელში გაიმართა, ხოლო შემდეგ აქციია მონაწილეებმა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან გადაინაცვლეს.
საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მიწა ჯერ კიდევ 2009 წელს გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე. მათივე თქმით, აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფართობის მფლობელი მოსახლეობას დასაქმებასთან ერთად, სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემას სთავაზობს, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან, რადგან, როგორც მოსახლეობა განმარტავს, წლებია, ფართობს საძოვრებად იყენებენ.