საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ყარაფილაში ნატურალური სასმელების საწარმო გაიხსნა
საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ყარაფილაში, „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ნატურალური სასმელების საწარმო გაიხსნა.
საწარმოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორთან და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.
საწარმო „კომბუჩა“ ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს. „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა. აღსანიშნავია, რომ „კომბუჩა“ ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება. 2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ 1, 500, 000 ლარზე მეტი შეადგინა.
როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, ახალი ბიზნესების განვითარება ქმნის კარგ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები უახლესი ტექნოლოგიების პროდუქციის ობიექტის გახსნაზე. ჩვენ აქ ვიყავით ერთი წლის წინ საფუძვლის ჩაყრაზე და კოვიდის მიუხედავად, ამ ქარხნის უკან მდგომმა მეწარმეებმა შეძლეს, დაეწყოთ ახალი ბიზნესი ყარაფილაში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად. ეს არის ხუთი ინიციატივიდან ერთ-ერთი, რომელიც მხარდაჭერილია იუესაიდის, საპარტნიორო ფონდის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას. ახალი ბიზნესების განვითარება ქმნის კარგ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. მე უნდა შევაქო ოთხი ახალგაზრდა ქართველი მეწარმე, რომლებიც ამ ინიციატივის უკან დგანან. მათ ჰქონდათ იდეა, მიყვნენ ამ იდეას და ახლა მათ აქვთ მშვენიერი ახალი ბიზნესი ყარაფილაში. შემიძლია გითხრათ, რომ პროდუქტი ძალიან გემრიელია. ყველა ინგრედიენტი ქართულია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.