სოფელ წინუბნის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს
სოფელ წინუბნის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსახლეობა მისასვლელი გზის მოასფალტებასა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა იმდენად გაფუჭებულია, რომ წვიმიან ამინდში სასწრაფო დახმარების მანქანას სოფლამდე მისვლა უჭირს.

გარდა გზისა, მოსახლეობას წყლის პრობლემაც აწუხებს. ადგილობრივების თქმით, წყალი დაბინძურებულია და ხშირად, წვიმიანი ამინდის დროს ქვეწარმავლებიც მოყვება.

მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ამბობენ,რომ ხელისუფლება გზისა და წყლის მოწესრიგებას მხოლოდ წინა საარჩევნოდ პირდება.

აქციაზე სოფლის რწმუნებულსა და ადგილობრივებს შორის მცირედი დაპირისპირებაც მოხდა. მოსახლეობამ მას წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები გაახსენა.

აქციის მონაწილეებთან  შესახვედრად მერის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. გურამ მელიქიძემ ადგილობრივებს გზის პროექტი წარუდგინა. როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, პროექტი დამტკიცებულია და დაფინანსებას ელოდებიან, გზის მოასფალტება კი 2019 წელს იგეგმება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.