სოფელ წინარეხში, 1588 წელს აგებულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე 1588 წელს აგებულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ღვთისმშობლის ეკლესია კომპლექსური ძეგლია, რომელიც შედგება დარბაზული ტაძრის, მასზე დასავლეთიდან მიდგმული კოშკის, გალავნისა და სამრეკლოსგან.
„ტაძარი დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვისა და ნიჩბისის სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე. ჩრდილოეთიდან ორი კონტრფორსი აქვს. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. თაღი აგურითაა გამოყვანილი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის და სამხრეთის თითო თაღოვანი სარკმლით. კედლები სრულდება მარტივი ლავგარდნით. დახურულია კრამიტით.
ტაძრის ფასადებზე ორი წარწერაა ჩადგმული. ერთი, სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა აღმოსავლეთ სარკმლის თავზე გრძელ ქვიშაქვის ფილაზეა შესრულებული, მეორე, შვიდსტრიქონიანი ასომთავრული ტექსტი კი სამხრეთი სარკმლის თავზე მწვანე ტუფის ქვაზეა ამოკვეთილი. აღმოსავლეთის წარწერა საამშენებლოა და ყვება, რომ 1588 წ. ეკლესია აუგია ტფილელ ეპისკოპოსს, ბარნაბა ფავლენიშვილს.”-ნათქვამია ძეგლის აღწერაში.