სოფელ წევაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წევაში მდებარე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ძეგლის ანოტაციაში ნათქვამია, რომ ეკლესია განეკუთვნება სამნავიანი ტიპის ბაზილიკას, თავდაპირველად, ეკლესია წარმოადგენდა თლილი ქვის დარბაზულ ნაგებობას, რომელსაც მოგვიანებით მიაშენეს სამრეკლო და გვერდითი ნავები, აღმოსავლეთ ფასადიდან ირკვევა, რომ დარბაზულ ტაძარს მკვეთრად აზიდული პროპორციები ჰქონდა.
შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სამივე კარი გარედან გამშვენებულია თაღოვანი ფორმებით. აღმოსავლეთ ფასადი გამოირჩევა სისადავით, მასზე მხოლოდ ერთი ოთხკუთხა სარკმელია განთავსებული, სარკმლები გაჭრილია გვერდით ნავებზეც-სამი ჩრდილოეთით და ოთხი სამხრეთით. დასავლეთიდან მიშენებული სამრეკლო დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით, მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში გაკეთებულია კედლის დონიდან ჩაწეული მაღალი თაღი, რომელშიც ტოლმკლავა ჯვარია განთავსებული. სამრეკლოს გადახურვა ეყრდნობა ოთხ კვადრატულ ბურჯს.
ტაძრის ფრესკები განეკუთვნება მე-15, მე-16 საუკუნეებში გავრცელებულ ხალხური მხატვრობის ნიმუშს. ნაგებობის გვიანი გადაკეთების შედეგად მოინგრა დასავლეთ კედელი და გაიხსნა გრძივ კედელთა ქვედა ნაწილი, რასაც სრულად შეეწირა ამ მონაკვეთებზე დატანილი მხატვრობა.ფრესკები დღეისათვის მხოლოდ სანახევროდაა შემორჩენილი.
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები, ფასადთა მორთულობა და ხალხური მხატვრობის სტილის ფრესკები.