სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა 22 ოქტომბრამდე სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა, დღეიდან 22 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო შტაბმა მას შემდეგ მიიღო, რაც „კოვიდ-19“ ხუთ მოსწავლეს დაუდასტურდა.
ინფიცირებულებიდან სამი მეცხრე კლასის მოსწავლეა, დანარჩენი ორი კი მეოთხე და მეხუთეკლასელია.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი მოსახლეობას ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ადამიანები, რომლებიც ეპიდემიოლოგთა გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხშირად არღვევენ წესებს და დადიან გარეთ, რაც დაუშვებელია – ვირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. თითოეულ ველისციხელს მოვუწოდებ, დაიცვას თვითიზოლაციის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება მკაცრი ზომები“, – განაცხადა შიოშვილმა.
ველისციხის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ნესუაშვილის ინფორმაციით, სკოლაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.