სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტა [ვიდეო]

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა ამ წუთებში აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებმა სოფელ ყარაჯალასთან საავტომობილო მაგისტრალი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტეს. გზა პოლიციელების მიწოდების შემდეგ გაიხსნა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, სოფელ ვარდისუბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე მხოლოდ მათი თანასოფლელის დაკავება უსამართლოა, როდესაც ინციდენტის მონაწილე მეორე მხარის, სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა და კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარე იქნა დამნაშავედ ცნობილი.

მათივე განცხადებით, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ რამდენიმე პირს დაკავებული მამაკაცის კუთვნილ ობიექტზე, რომელიც საქონლის ბაზარს ესაზღვრება, პირუტყვი ხშირად უნებართვოდ შეჰყავდა, რასაც კონფლიქტი ადრეც მოჰყოლია. მათივე თქმით, ამჯერადაც კონფლიქტის ინიციატორი მეორე მხარე იყო.

დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

მოგვიანებით, სამართალდამცველებმა სოფელ ვარდისუბანში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთი პირი დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ დაზიანებას გულისხმობს.