სოფელ ვარდისუბნის მცხოვრებლებმა აქცია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეწყვიტეს
თელავში, საქონლის ბაზარში მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებული დ.ლ-ს გათავისუფლების მოთხოვნით ვარდისუბნის მოსახლეობის აქცია, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დროებით შეწყდა.
მანამდე მოსახლეობამ თელავი-ახმეტის საავტომობილო მაგისტრალი ნახევარი საათით გადაკეტა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის ჯგუფებმა გზის გახსნა და მოძრაობის აღდგენა მოახერხეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
„სასამართლოს განაჩენზეა დამოკიდებული, აქციებს გავაგრძელებთ თუ არა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
თელავის საქონლის ბაზარში დ.ლ-სა და სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება დ.ლ-ს კუთვნილ ტერიტორიაზე საქონლის უნებართვოდ შეყვანას მოჰყვა. ადგილობრივების მტკიცებით, მსგავსი მიზეზით წარსულშიც რამდენჯერმე მოხდა მხარეებს შორის კონფლიქტი.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კერძო მესაკუთრესა და მესაქონლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში იარაღის შემთხვევით გასროლით კისრის არეში დაიჭრა ერთი პირი, სამმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, თუმცა მათ უარი თქვეს სტაციონარში დარჩენაზე და ხელწერილით დატოვეს კლინიკა.
მომხდარის შემდეგ, პოლიციამ დ.ლ. დააკავა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ დაზიანებას გულისხმობს.