სოფელ ვარდისუბნის ბაზარში დაპირისპირებისას დაშავებულებმა საავადმყოფო დატოვეს
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას დაშავებულმა ოთხმა პირმა საავადმყოფო დატოვა. ამის შესახებ პირველ არხს თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, მარინა ქართლელიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ და კლინიკა პირადი სურვილითა და ხელწერილით დატოვეს.
როგორც პირად საუბარში პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული იყო ინციდენტის მეორე მხარე და ფიზიკური დაპირისპირების დროს ადგილი ჰქონდა შემთხვევით გასროლას, რის შედეგადაც დაზიანება თავად იარაღის მფლობელმა მიიღო.
დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ექვსი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალის ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ დაზიანებას გულისხმობს.