სოფელ ვარდისუბანში მდებარე თეთრი გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბანში მდებარე VI-VII საუკუნეების თეთრი გიორგის (დეკანოზური) ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, თეთრი გიორგის ეკლესია (დეკანოზური) აშენებულია VI-VII საუკუნეებში, აღდგენილია XVI საუკუნეში.
ეკლესია დეკანოზური კომპლექსია, რომელიც მოიცავს წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიან ბაზილიკას, მცირე ეკლესიის ნანგრევს და გალავანს.
“წმ. გიორგის ეკლესია (20×12.2 მ) სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონქის სატრიუმფო თაღში და სარკმელში გამოყენებულია შირიმი. მოგვიანებით გადაკეთებისას ნახმარია აგური. გადახურული იყო ცისფრად მოჭიქული ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ტაძარი განახლებულია XVI საუკუნეში. განახლებისას ნახმარია აგური. ცენტრალური ეკლესია სიმაღლეში ორნახევარჯერ აღემატება სიგანეს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის შირიმით გამოყვანილი კონქი მხრებზე გადასულ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. აბსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელი იყო გაჭრილი.
შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. სამივე კარი შიგნიდან სწორი გადახურვით სრულდება, გარედან კი გადაკეთების დროს შეისრული თაღით დაუსრულებიათ. გრძივ კედლებზე სამ-სამი თაღოვანი საკმელია, რომლებიც აღდგენის დროს აგურითაა გამოყვანილი. კამარა კედლებზე შეკიდულ აგურის ორ წყვილ თაღს ეყდნობოდა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით და სამხრეთით პასტოფორიუმებია (სამკვეთლო და სადიაკვნე), რომლებიც ცენტრალურ ეკლესიას კარით უკავშირდება (სამკვეთლოსთან მაკავშირებელი კარი ამჟამად ამოშენებულია). ორივე უაბსიდოა.
აღმოსავლეთის კედელში გაკეთებული თითო სარკმლითაა განათებული. სამკვეთლო გარდა ცენტრალური ეკლესიისა კარით დაკავშირებულია ჩრდილოეთის გარშემოსავლელთან. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში ოთხკუთხა ნიშაა გაკეთებული. სადიაკვნე სამხრეთის გარშემოსავლელისგან ყრუ კედლითაა გამიჯნული. მთავარ ტაძარს სამივე მხრიდან გარშემოსავლელი აქვს მიშენებული, რომელსაც სამივე მხარეს, მთავარი ეკლესიის კარებთა პარალელურად, თითო შეისრული კარი აქვს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელი.
გარშემოსავლელის კამაროვანი გადახურვა ჩრდილოეთ ნაწილში პირდაპირ ცენტრალური ტაძრის ჩრდილოეთ კედელს ეყრდნობა, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში კი საბჯენად ტაძრის კედლებზე აგურის პილასტრები და მათზე გადასული თაღედებია გამოყენებული. ტაძრისა და გარშემოსავლელთა კედლები აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით იყო დასრულებული. მთავარი ტაძრის სამხრეთი კედლის პირზე, ერთმანეთის პირისპირ ქართული ასომთავრულით შესრულებული ნაკაწრი წარწერებია. აღმოსავლეთის სარკმელს ქონია ნალისებური თაღების მწკრივით გაფორმებული შუბლი (ამჟამად ჩამონგრეულია). ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე სამლოცველოს ნანგრევია. ნატეხი ქვით ნაგები შენობისგან ამჟამად განირჩევა აბსიდის ნაწილი, რომელიც დარბაზისგან მხრით ყოფილა გამოყოფილი.
ეკლესიას გარშემოუყვებოდა ქვის ყორე გალავანი, რომელიც ახლა მხოლოდ სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა შემორჩენილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სააგენტომ ვებგვერდზე გაავრცელა.