სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართა
სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია- „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აგროტურისტული ონლაინპლატფორმის agrogate.world პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.

ონლაინ პლატფორმის agrogate.world საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებგვერდზე ფოტო მასალასთან ერთად განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდეოები, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

შეხვედრის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო gfadigital.ge და მასში შემავალი ხუთი (Agronavti; agroskills.ge; Agromap.ge; Smart Villige ; Agrojobs.ge) პლატფორმა, რომლებიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შეიქმნა და სოფლის მეურნეობის, პროფესიული სწავლების, ტურიზმისა და დასაქმების სფერო გააციფროვნა.

„დღევანდელი ღონისძიება პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში დადგა. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ამიტომ ვეცადეთ ყველაფრის გაციფროვნებას. შევქმენით ციფრული პლატფორმები, რომლებიც უპასუხებს ფერმერების გამოწვევას. ისინი მოახდენენ თავისი პროდუქტის რეალიზებას ონლაინსივრცეში. ასევე ყველაზე უფრო დაზარალდა აგროტურისტული მიმართულებები. ვეცადეთ, ერთიანი პლატფორმის სივრცეში უფრო მეტი ტურისტისთვის გაგვეხადა მიმზიდველი საქართველო და აგროტურისტული ობიექტები. ვფიქრობთ, რომ გაციფროვნება საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა, მიიღონ და ასევე გაწიონ სერვისები“,- განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.